• ტყუპის ეკლესია

    ტყუპის ეკლესია

    ეკლესია მდებარეობს  გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კოშკების განაპირას, სკრის ხეობაში. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.
    ეკლესია დარბაზულია (6,8 X 5,1 მ), ნაგებია ქვით. შესასვლელი სამხრეთითაა. ნახევარწრიულ საკურთხეველში და დასავლეთ კედელში თითო სარკმელია. ქვის კაკნკელში სამი ნიშია. დარბაზი გადახურულია კამარით, რომელიც სამ საბჯენ თაღს ეყრდნობა. შენობა შიგნიდან შელესილია.
  • არბოს წმინდა გიორგი

    არბოს წმინდა გიორგი

    ეკლესია მდებარეობს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ არბოში, შუა სოფელში, მთავარი გზის პირას. მხატვრულ-სტილისტური ანალიზით თარიღდება X საუკუნის მეორე ნახევრით.

    ეკლესია დარბაზულია (9,3 X 5,9 მ), ნაგებია რიყის ქვით. კუთხეები, სარკმლები და ლავგარდანი თლილი ქვისაა. თლილი ქვითაა მოპირკეთებული აღმოსავლეთ ფასადიც.
  • ატენის სიონი

    ატენის სიონი

    ატენის სიონი -  VII საუკუნის I ნახევრის ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარი. მდებარეობს გორიდან 12 კმ-ზე, ატენის ხეობაში, მდინარე ტანას მარცხენა ნაპირას, ფრიალო კლდის კიდეზე, საყრდენი კედლით გამაგრებულ ბაქანზე. 
    ტაძარი ცენტრალურ-ჯვარ-გუმბათოვანია (24X19 მ; სიმაღლე 22 მ), ტეტრაკონქის ტიპის, ნაგებია მომწვანო-მონაცისფრო ქვიშაქვის თლილი კვადრებით, გამოყენებულია სხვა ფერის ქვებიც. შესასვლელები სამხრეთით და ჩრდილოეთითაა. ტაძრის გეგმის საფუძველია ტეტრაკონქი, რომლი წამყვან კომპოზიციურ ბირთვს წარმოადგენს გუმბათქვეშა კვადრატი. 
    ტაძრის კედლებზე შემორჩენილია სხვადასხვა დროის ქართული ასომთავრული უნიკალური წარწერები და მინაწერები.
    ტაძრის ინტერიერი მთლიანად მოიხატა XI საუკუნისის II ნახევარში. წერის მანერისა და ტექნიკური ხერხების მიხედვით განირჩევა რამდენიმე მხატვრის ხელი.
  • ნიქოზის ღვთაება

    ნიქოზის ღვთაება

    კომპლექსი მდებარეობს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზის ცენტრში. მდინარე ლიახვის მარჯვენა ნაპირზე. კომპლექსში შედის ოთხი სხვადასხვა დროის ნაგებობა: ღვთაების ეკლესია, სამრეკლო, ეპისკოპოსის სასახლე და გალავანი. ეკლესიას 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია.
    ღვთაების ეკლესია კომპლექსის ცენტრში დგას. პირველი სამშენებლო ფენა თარიღდება V-VI საუკუნეებით.
    ეკლესია ამჟამად ჯვარ-გუმბათოვანია (16,7 X 11,15 მ), შიგნით და გარეთ შემოსილია თლილი ქვით. შესასვლელი დასავლეთით, სამხრეთით და ჩრდილოეთით (ამოქოლილია) აქვს. აღმოსავლეთის და დასავლეთის მკლავი დანარჩენთან შედარებით დაგრძელებულია. ოთხივე მკლავში თითო სარკმელია.
  • გორისციხე

    გორისციხე

    ჩრდილოეთ ფერდობზე შემორჩენილი ნანგრევები და არქეოლოგიური მონაცემები მოწმობს, რომ აქ ძვ. წ. I ათასწლეულის უკანასკნელ საუკუნეებში ძლიერი სიმაგრე, მის გარშემო კი მოსახლეობა ყოფილა. „გორის ციხედ“ წყაროებში პირველად XIII საუკუნეში იხსენიება. გორის ციხე მნიშვნელოვან სტრატეგიულ სიმაგრეს წარმოადგენდა; მისი დაუფლება ნიშნავდა პოლიტიკურ ბატონობას მთელ შიდა ქართლზე. საუკუნეების მანძილზე გორის ციხე არაერთხელ განახლებულა და გადაკეთებულა. ძირითადი ნაწილი აღდგენილია XVII საუკუნის 30-იან წლებში როსტომ მეფის მიერ. დღევანდელი სახე ციხემ 1774 წელს მიიღო, როდესაც იგი საფუძვლიანად შეაკეთა მეფე ერეკლე II-მ.
  • უფლისციხე

    უფლისციხე

    კლდეში ნაკვეთი ქალაქი, კავკასიის ერთ-ერთი უძველესი დასახლება და საქალაქო ცენტრი. მდებარეობს ქ. გორის აღმოსავლეთით მე-10 კმ-ზე, მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირას. 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია

    წერილობით წყაროებში პირველად VII საუკუნეში იხსენიება. უფლისციხესა და მის შემოგარენში დაცულია არქეოლოგიურ და ხუროთმოძღვრულ ძეგლთა ჯგუფი, რომელთაგან უძველესი ადრინდელი ბრინჯაოს ხანისაა და მტკვარ-არაქსის კულტურის წრეს განეკუთვნება (ნამოსახლარები ლაშეთხევში, გუდაბერტყაზე, გორთან). შუა ბრინჯაოს ხანის მიწურულისაა ყათლანიხევის გორასამოსახლოს ქვედა ფენა.
  • წეროსხევი

    წეროსხევი

    წეროს ეკლესიის კომპლექსი მდებარეობს შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტში, წეროს ხევის თავში, ატენის სიონის ჩრდილო-დასავლეთით, ორ კილომეტრზე. კომპლექსში შედის: ღვთისმშობლის ეკლესია, დარბაზული ეკლესია და რამდენიმე შენობის ნანგრევი. 
    ღვთისმშობლის ეკლესია ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობაა (10,4 X 9,3 მ). სავარაუდოდ თარიღდება განვითარებული ფეოდალური ხანით. ნაგებია თლილი ქვის კვადრებით. შენობა დაზიანებულია. შიგნიდან თაღოვანი და გარედან არქიტრავით გადახურული შესასვლელები დასავლეთით და ჩრდილოეთითაა. თითო სარკმელი ოთხივე კედელშია.
პროექტის შესახებ

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები

გორის მუნიციპალიტეტი მდიდარია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიმრავლით. მუციპალიტეტში 250-ზე მეტი ძეგლია, მათი დიდ ნაწილი დაცულია საქართველოს კანონმდებლობით, თუმცა არის ძეგლები რომლებსაც სტატუსი არ აქვთ და საჭიროებს შესაბამის რეაგირებას.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ნაწილი კი მოქცეულია ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მათი მოვლა-პატრონობა და ხშირ შემთხვევაში გადარჩენაც კი შეუძლებელია.
2021 წელს გორელ ფოტოგრაფთა კლუბმა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურში გაიმარჯვა და მოხდა გორის მუნიციპალიტეტში არსებული ძეგლების ფოტოფიქსაცია.
2022 წელს კი გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში მოხდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სრული კატალოგის გამოცემა, ვებ გვერდის შექმნა და ერთიან სივრცეში მოქცა ყველა არსებული ობიექტის.
0
ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული
0
სტატუსის მატარებელი
0
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები გორის მუნიციპალიტეტში

სიახლეები