დიდი ატენის ღვთისმშობლის შობის ეკლესია

 დიდი ატენის ღვთისმშობლის შობის ეკლესია

  • სოფელი
    ატენი
  • თარიღი
    VII – IX საუკუნე
  • კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი
    დიახ
  • მიმართულება
    https://goo.gl/maps/T9PA85H7xX8SCbaf7

ატენის ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესია (იგივე ორბელიანების ეკლესია) შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ დიდი ატენის ცენტრში მდბარეობს. ჯვარგუმბათოვანი ტაძარი, რომელიც გეგმაში მარტივ, თანაბარმკლავიან ჯვარს წარმოადგენს, VII – IX საუკუნებით თარიღდბა. ეკლესია ნაგებია რიყის ქვით, ფასადებზე გამოყენებულია მწვანე ტუფის ქვაც. ყოველ მკლავში თითო სარკმელია, რვაწახნაგა გუმბათის ყელში - ოთხი. საკურთხევლის ფანჯარა თლილ ქვაში ამოიკვეთილი ნალისებრი თაღით სრულდება. გუმბათის ყელის სიგანე, ჯვრის მკლავებთან შედარებით, ერთნახევარჯერ მეტია, რაც გუმბათქვეშა სივრცის ზრდას განაპირობებს. გუმბათქვეშა კვადრატის გუმბათის ყელზე გადასვლა განხორციელებულია ტრომპების ორი რიგით. გუმბათი გადახურულია კარგად გამოყვანილი ქვის ლორფინებით. ტაძარს ორი შესასვლელი აქვს, სამხრეთიდან და დასავლეთიდან. კარის დეკორირებულ ტიმპანში და ნიშებში მოგვიანებით მომწვანო ქვები ჩაუსვამთ, რომლებზეც წარწერებია ამოკვეთილი, თუმცა დაზიანების გამო მათი წაკითხვა შეუძლებელია. დასავლეთის კარის ტიმპანზე რელიეფური კომპოზიციაა გამოსახული და ამოკვეთილია ასომთავრული წარწერა: "ქრისტე ადიდე ორსავე ცხოვრებისა აქა ხორციელებრ და წინაშე შენსა სულიერებრ რატ ერისთავი ძე იგი ლიპარიტ ერისთავისაი რომელმან აღაშენა ესე სახლი ღმთისაი და ბჭეი ცათაი წმიდაი ეკლესიაი, სალოცველად სულისა მათისა". აღნიშნული წარწერის მიხედვით საფიქრებელია, რომ რატი ერისთავმა X საუკუნეში განაახლა ეკლესია  და თავისი თავი აღმშენებლად გამოაცხადა. X საუკუნეში მოუპირკეთებიათ გუმბათის ყელიც მომწვანო ტუფით. სამხრეთის კარის არქიტრავზე მოთავსებული მხედრული  წარწერის თანახმად დასავლეთის მინაშენი მღვდელ დავით დავიდოვს აუგია 1870 წელს.